გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტი 15 იანვარის დილის 07:00 საათიდან მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადავა.
შს სამინისტრომ გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ საქართველოში ზამთრის კურორტებზე ტურისტების საგრძნობი მატებაა, იმატა ქვეყნიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების საზღვარგარეთ ექსპორტმა, ასევე გაიზარდა სატრანზიტო მოძრაობის ინტენსივობა. ამასთან, რუსეთის ფედერაციაში გამსვლელი სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის რუსეთის ფედერაციის ვიზების გაცემა გამარტივდა.
აღნიშნული პროცედურები იმისთვის ტარდება, რომ ვიზიტორების მოსალოდნელი მატების პირობებში დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით საქართველოში შემომსვლელ და გამსვლელ მოქალაქეებს მგზავრობისას გადაადგილება გაუმარტივდეთ.