შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების გამომძიებლებს, ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ ასპექტებზე სამდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ.
ტრენინგის ფარგლებში, ექსპერტებმა მონაწილეებთან ერთად განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ასაკობრივი თავისებურებების გავლენა არასრულწლოვნის ქცევაზე, არასრულწლოვანი ბრალდებულის გამოკითხვის ბაზისური პრინციპები, ცრუ აღიარების განმსაზღვრელი ფაქტორები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის სტრუქტურა და მოქმედების სფერო, არასრულწლოვანთა გამოკითხვის საკანონმდებლო თავისებურებები და სხვ.
სწავლება პროექტის - „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა“ - ფარგლებში ჩატარდა.
აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2019 წლიდან ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს დაკავებულ პირთა უფლებების უკეთ დაცვასა და მათდამი მოპყრობის გაუმჯობესებას, არასრულწლოვან მსხვერპლებსა და დამნაშავეებთან სამუშაოდ პოლიციელებისა და გამომძიებლების სათანადოდ მომზადების და დროებითი მოთავსების დაწესებულებებში დაკავებულთა უკეთესი მართვის ხელშეწყობის გზით.