საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ ნიდერლანდებში, ქალაქ ჰააგაში, ევროპოლის შტაბ-ბინაში ევროპის პოლიციის უფროსების ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ნატრიაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, საფრანგეთის, ესპანეთის, ავსტრიის, საბერძნეთისა და კოლუმბიის პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრებზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ამ თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ შედეგებზე და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი გეგმებზე ისაუბრეს.
საბერძნეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა საქართველოს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი და საკუთარ ქვეყანაში ანალოგიური ცენტრის შექმნის პროცესში ქართული მხარის გამოცდილების გაზიარების იმედი გამოთქვა.