საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა შიდა უსაფრთხოების ატაშემ, ოლივიე ლეფებვრიმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ხელმძღვანელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა.
ატაშე ესტუმრა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, მიგრაციის დეპარტამენტს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, შსს-ს აკადემიას, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს.
შეხვედრების ფარგლებში, ოლივიე ლეფებვრი დეტალურად გაეცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების სტრუქტურას და საქმიანობის სპეციფიკას. მხარეებმა საფრანგეთის სამართალდამცავ უწყებებთან არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების ატაშემ ხაზგასმით აღნიშნა ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების წარმატებული თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ურთიერთობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.