შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის 6-თვიანი ანგარიში ონლაინ შეხვედრაზე წარუდგინა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა გახსნა.
დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ონლაინ შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს დეპარტამენტის მიერ 2020 წლის პირველ ნახევარში განხორციელებული აქტივობები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულები, ტრეფიკინგი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, საანგარიშო პერიოდში, არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს შექმნის ფაქტზე და აღნიშნული დანაყოფის შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე.
პრეზენტაციის ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, ინფორმაცია მიაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ და ხაზი გაუსვეს მისი გაძლიერების მნიშვნელობას.
ღონისძიების დასასრულს, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმების შესახებ, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა. დისკუსიის ფარგლებში, ონლაინ შეხვედრის მონაწილეებს საშუალება მიეცათ მათთვის აქტუალურ საკითხებზე შეკითხვები დაესვათ და პასუხები მიეღოთ.
დეპარტამენტი კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას და თანამშრომლობას სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორც გამოძიების ხარისხის გაზრდის, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.
ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე :
6 თვის ანგარიში 2020