საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში იმართება.
"მინდა დასაწყისშივე აღვნიშნო, რომ საქართველოში კიბერუსაფრთხოების ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა და მისი გაცხადებული მიზანი - გახდეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი, ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში, ქვეყნისთვის ქმნის განსაკუთრებულ რისკებსა და გამოწვევებს; პრაქტიკული გადმოსახედიდან რომ შევაფასოთ, დღეს ჩვენი სახელმწიფო არის პოლიტიკურად მოტივირებული კიბერშეტევების, დეზინფორმაციის, პროპაგანდისა და კიბერჯაშუშობის აქტიური სამიზნე. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ „ შავი ზღვის ფართო რეგიონის” ქვეყნებისთვის დამახასიათებელი საერთო გამოწვევები კიბერსივრცეში უაღრესად აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხი ხდება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის; ჩვენ ვხედავთ და ვათვითცნობიერებთ, კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, რომლებიც მეტწილად გარე აქტორების შედეგია. ამიტომ, დღევანდელი ფორუმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ აღნიშნული მიმართულებით გარკვეული პოლიტიკური ვალდებულებების აღება და მათი შესრულების უზრუნველყოფაა, რასაც უსაფრთხოების პოლიტიკის მაკოორდინირებელი ორგანოს მდივნის რანგში მკაფიოდ მივესალმები", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ასევე, აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია ის ღონისძიებები, რომელთაც კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი შეიცავს.
ფორუმის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართეს მთავრობის წევრებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა.
კიბერუსაფრთხოების ფორუმის ძირითადი მიზანია ეროვნული კიბერუსაფრთხოების გარემოს წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შესაბამისი გეგმის შემუშავება.
ფორუმი ყოველწლიური გახდება და იგი კიბერსივრცეში საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებთან დაკავშირებით იდეების გაზიარების პლატფორმის ფუნქციას შეასრულებს.
ღონისძიებას საქართველოს შესაბამისი უწყებების, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ.