შინაგან საქმეთა სამინისტრომ კინოთეატრ „ამირანში“ უწყების საქმიანობის ამსახველი ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაცია მოაწყო. ღონისძიებას, რომელიც არჩილ თალაკვაძემ გახსნა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, ვიდეორგოლის მონაწილეები, მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ვიდეოჩვენებამდე სტუმრებს სიტყვით მიმართა, ვიდეორგოლის შინაარსობრივ დატვირთვასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ეს არის 3 წუთიანი პასუხი შეკითხვაზე, თუ რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად. ჩვეულებრივი პოლიციელების ცხოვრება - რუტინაც და არაჩვეულებრივი მომენტებიც“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
„ისინი აშენებენ უსაფრთხო ქვეყანას“ - ეს ის ძირითადი მესიჯია, რომელსაც ვიდეორგოლის საშუალებით შსს მოქალაქეებს უგზავნის. მასში ასახულია სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ფუნქცია და მუშაობის სპეციფიკა, სამართალდამცავთა ბრძოლა დანაშაულთან და მათი რეაგირება საგანგებო სიტუაციებში.
სოციალური რეკლამის შექმნის მიზანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ყველა ასპექტის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირება, პოლიციელთა მიმართ ნდობის და მხარდაჭერის განმტკიცება.
ვიდეორგოლი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ არის შექმნილი და მასში ამერიკელი კომპოზიტორის, ტონი ანდერსონის მუსიკა “The Impossible” არის გამოყენებული.