შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2001 წელს დაბადებული მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ბებია - 1946 წელს დაბადებული ზ.დ. და დედა - 1974 წელს დაბადებული თ.ზ., თბილისში, მათსავე საცხოვრებელ სახლში, მძინარე მდგომარეობაში, ნაჯახით მოკლა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.