შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩაზე არასრულწლოვანებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტის დროს 2002 წელს დაბადებულმა ბ.მ.-მ ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა არასრულწლოვნებს: ნ.ჭ.-ს ლ.ფ.-ს და ნ.ყ.-ს. სამივე დაზარალებული საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ერთ-ერთი მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას აგრძელებს, ხოლო ორი არასრულწლოვანი პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ კლინიკიდან გაეწერა.
პოლიციამ არასრულწლოვანი ბ.მ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ბრალდებულის სახით დააკავა. მან აღიარა ჩადენილი დანაშაული. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ძალადობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 120-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.