შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.ყ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: კალაშნიკოვის სისტემის "აკს"-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 8 მჭიდი 304 ვაზნით, "ფ1"-ის ტიპის ხელყუმბარა, მაკაროვის სისტემის კუსტარულად გადაკეთებული პისტოლეტი მჭიდითა და 6 საბრძოლო ვაზნით. ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღებსა და საბრძოლო მასალაზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.