შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციებზე ორიენტირებულ ერთკვირიან მრავალეროვნულ საველე სწავლებას უმასპინძლა.
წვრთნები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების პროგრამის "PPRD East 3"-ის ფარგლებში განხორციელდა და როგორც საშტაბო, ასევე საველე კომპონენტებს მოიცავდა.
მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის მეხანძრე-მაშველებმა საჩვენებელ წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა.
საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ მღებრიშვილი, უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილე, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს და მოლდოვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დელეგაციები, უკრაინის და იტალიის წითელი ჯვრის წარმომადგენლობა, გაეროს მუდმივი კოორდინატორი და ევროკავშირის დელეგაციის წევრები.
საჩვენებელი სწავლება რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სცენარის მიხედვით განხორციელდა და სხვადასხვა ტიპის სახანძრო-სამაშველო ოპერაციებს მოიცავდა, მათ შორის, მასშტაბური ტყის ხანძრების დროს მოქმედებას, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სავარჯიშოებს და ა.შ.
საველე წვრთნების დროს განხილულ იქნა ის პროცედურები, რომელიც მასშტაბური საგანგებო სიტუაციების დროს მასპინძელი ქვეყნის მხრიდან ტარდება პარტნიორი ქვეყნების დახმარების მოზიდვის შემთხვევაში. ასევე, შემოწმდა ფართომასშტაბიანი კატასტროფების დროს შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მოქმედებები.
სწავლებაში ჩართული იყო საპატრულო პოლიცია, სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა და ტექნიკა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმები, ეროვნული გვარდია, ეროვნული სატყეო სააგენტო და გარემოს ეროვნული სააგენტო. სწავლებაში ასევე მონაწილეობდა ევროკავშირის დელეგაცია, CBRN ეროვნულ ცენტრი და იტალიის წითელი ჯვარი.
საველე წვრთნებში 400-ზე მეტი საგანგებო სიტუაციებზე მორეაგირე ჯგუფის წევრი მონაწილეობდა - საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და მოლდოვიდან. სწავლებაში ჩართული იყო უკრაინის, იტალიის, შვედეთის და ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის გუნდები.
PPRD ევროკავშირის ტექნიკური ექსპერტული დახმარების პროექტს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათზე რეაგირებისა და მზადყოფნის დონის ამაღლებაა. PPRD პროექტში საქართველოსთან ერთად, მთავარი ბენეფიციარი ქვეყნები უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი არიან.