ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2023 წლის 15 ივნისს გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოს მასშტაბით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შეფასების უმაღლეს საფეხურზეა და კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ძალისხმევას არ იშურებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და განაგრძობს მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის, ტრეფიკინგის შემთხვევების იდენტიფიცირებისა და გამოძიების კუთხით.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობა შესაბამის ღონისძიებებს ატარებს ტრეფიკინგის პრევენციისთვის და არ იშურებს ძალისხმევას მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს მიერ ეფექტურად ხორციელდებოდა ტრეფიკინგის წინააღდეგ ბრძოლის მიმართულებით სამართალდაცვითი ღონისძიებები, პოზიტიურადაა შეფასებული სისხლის სამართლის კოდექსში ტრეფიკინგის ჩადენისთვის დაწესებული სასჯელები და ყურადღება გამახვილებულია ტრეფიკინგთან დაკავშირებით სამართალდამცავი უწყების მიერ განხორციელებულ გამოძიებებზეც.
ანგარიშში კვლავ დადებითად ფასდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2021 წლის ივნისში შესული ცვლილებები, რომელთა საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობა მიეცა, ტრეფიკინგის მსხვერპლები უზრუნველყოფილი იქნან მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურით.
ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სპეციალიზებული დანაყოფები, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაში არსებული ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო და მისი 6 მობილური ჯგუფი.
დოკუმენტში ასევე, ყურადღება გამახვილებულია აჭარის რეგიონში მოქმედ სპეციალისტთა ჯგუფის - ე.წ. TASK FORCE-ის საქმიანობაზე, რომელიც დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და პროკურორებით.
ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და შრომის ინსპექციას შორის განახლებული მემორანდუმის გაფორმება, რომელიც მიზნად ისახავს იძულებითი შრომის შემთხვევების გამოვლენას, მობილური ჯგუფებისა და შრომის ინსპექციის დანაყოფების მიერ ერთობლივი შემოწმებების ჩატარების გზით.
ასევე, ყურადღება გამახვილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შრომის ინსპექციის მიერ ჩატარებულ ერთობლივ ინსპექტირებებზე.
აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უწყებები მსხვერპლთა იდენტიფიცირების მიზნით იყენებენ რელევანტურ, სტანდარტულ, ოპერაციულ პროცედურებსა და გაიდლაინებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კვლავაც დადებითად ფასდება შინაგან საქმეთა სამინისტროში ტრეფიკინგის დანაშაულთან საბრძოლველად მოქმედი ცხელი ხაზი, სადაც შესაძლებელია ტრეფიკინგთან დაკავშირებით ზარების განხორციელება.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ყველა კურსანტი გადის ტრეფიკინგის საკითხებზე სასწავლო კურსს.
აგრეთვე, მითითებულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა გამომძიებლების, მობილური ჯგუფების წევრების, სასაზღვრო პოლიციის, პროკურორების, შრომის ინსპექტორების, მოწმეთა და დაზარალებულთა კოორდინატორების გადამზადება ტრეფიკინგის დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე.
დოკუმენტში საუბარია იმ გარემოებაზეც, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ანგარიშს ტრადიციულად თანდართული აქვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებასა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის გაუმჯობესებას.