შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება აღნიშნა. ღონისძიება, სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი - კახა კალაძე, მთავრობის წევრები, დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელებს სიტყვით მიმართა და მათ პროფესიული დღე მიულოცა. ვახტანგ გომელაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველგან და ყოველთვის იქნება პოლიციელების ღირსების დამცველი.
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები დააჯილდოვა, რომლებმაც მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინეს, ასევე, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.
ვახტანგ გომელაურმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ხსოვნას პატივი მიაგო.
„მოგესალმებით ბატონო პოლიციელებო, ოფიცრებო და რიგითებო. გილოცავთ პოლიციელის დღეს! ეს დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო მათ, ვინც ამ წუთებშიც ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას, იცავენ ჩვენი ქვეყნის საზღვარს, საზოგადოებრივ წესრიგს, მოქალაქეების უსაფრთხოებას. იმ პოლიციელებს, რომლებიც მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ამ წუთებშიც დაუღალავად მუშაობენ, მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც მოქალაქეების დასახმარებლად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, შესაძლოა ახლაც იბრძვიან. დღეს, პოლიციელის დღეა. ჩვენთვის, პოლიციელებისთვის ეს ერთგვარი სიამაყისა და მადლიერების დღეა. დღეს, როდესაც კიდევ ერთხელ მაქვს პატივი თქვენთან ერთად ვიზეიმო პოლიციელის დღე, მინდა მოგმართოთ, თითოეულმა თქვენგანმა იცოდეთ, რომ არავის მივცემ უფლებას შელახოს თქვენი ღირსება და პატივი. გწამდეთ, რომ ყველგან და ყოველთვის ვიქნები თქვენი ღირსების დამცველი. მინდა გჯეროდეთ, რომ მე, როგორც მინისტრი, როგორც პოლიციელი და მოქალაქე თქვენს გვერდით ვარ. მინდა ღირსეულად ატარებდეთ პოლიციელის მუნდირს და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ემსახურებით საქართველოს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ამაყი ვარ, რომ ქართული პოლიცია დღეს არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მძლავრი ანალიტიკური სისტემებით, გვაქვს გამართული საკანონმდებლო ბაზა, წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა, საჭიროებებსა და მიმდინარე გამოწვევებზე მორგებული სტრატეგიული ხედვები და დოკუმენტები. სამინისტროს აქვს გამართული ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, განახლებული ავტოპარკი და შეიარაღება. პოლიციელებო, სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და მაღალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები, რომლებიც ყოველწლიურად მზარდია და წელს უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია. აუცილებელია პოლიციელს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები და სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად უნდა გრძნობდეს მხარდაჭერას და დაფასებას. სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ ქართული პოლიცია დაკომპლექტებულია ღირსეული, პროფესიონალი და თავდადებული თანამშრომლებისგან. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში თითოეული თქვენგანის როლი უმნიშვნელოვანესია. პოლიციელებო! კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს!“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის შემდეგ, პოლიციელებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ:
„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა პროფესიული დღე მოგილოცოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობას, ჩვენს საამაყო პოლიციელებს, სამინისტროს ყველა თანამშრომელს. თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, მაღალპროფესიული, პასუხისმგებლიანი, მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია საქართველოს ძლიერებისა და უსაფრთხოების გარანტი, მისი წინსვლის აუცილებელი პირობაა. უკანასკნელ წლებში გატარებული რეფორმების შედეგად , თითოეული თქვენგანის შრომითა და ენთუზიაზმით ქართული პოლიცია ჩამოყალიბდა თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების ინსტიტუციად. პოლიციელის დღევანდელი რეპუტაცია ხალხის განსაკუთრებული ნდობა და პატივისცემა უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი მონაპოვარია. კანონისა და მართლწესრიგის დაცვით, ხალხისა და ქვეყნის ერთგულებით, ყოველდღიური შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, სხვათა სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე ზრუნვით თქვენ ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის. თქვენმა არაერთმა კოლეგამ და მეგობარმა სამწუხაროდ, ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო სხვათა გადასარჩენად. დღეს, თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილ გმირ პოლიციელთა ხსოვნას. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებში, თქვენ კიდევ ერთხელ აჩვენეთ მაღალი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი. არაერთხელ ვთქვი და მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს პოლიცია დღეს მოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისათვის. ვიცი თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს ურთულეს საქმიანობაში ყველაზე ახლობელი ადამიანების თანადგომა. მსურს, მადლობა გადავუხადო თქვენს მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს, თქვენი ოჯახების თითოეულ წევრს. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი ფასდაუდებელი შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის და კვლავაც თანადგომას გპირდებით. მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებებს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა:
„ყველას გილოცავთ საქართველოს პოლიციის პროფესიულ დღეს. სიმბოლურია, რომ სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ ვიზეიმეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. სიმბოლურია, რადგან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობასა და პროფესიონალიზმზე გადის. ამ ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის საქართველოს პოლიცია. სწორედ ქართული პოლიცია უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მშვიდ და გამართულ ფუნქციონირებას. თითოეული ოჯახის და ადამიანის ყოველდღიურ უსაფრთხოებას და დაცულობას. ქედს ვიხრი თითოეული პოლიციელის ვაჟკაცობის, სიმამაცის, სამშობლოსადმი სიყვარულისა და ერთგულების წინაშე. ქედს ვიხრი იმ პოლიციელების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სამშობლოს ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირეს. უდიდეს პატივისცემას და თანადგომას იმსახურებენ მათი ოჯახები. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს დამოუკიდებლობის 33-წლიანი ისტორიის მანძილზე ჩვენ ვნახეთ ქართული პოლიციის გარდაქმნის გრძელ პროცესს, რომელიც ზუსტად ასახავს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის და სახელმწიფოებრიობის სიმტკიცის ხარისხს. უნდა ითქვას, რომ რაც უფრო მაღალია დემოკრატიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა, მით მეტად ჰუმანური და თანმიმდევრულია საპოლიციო სტრუქტურების მუშაობის პრინციპები და სტრატეგია. 2012 წლიდან საქართველოს პოლიციაში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები. უწყება გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, მოხდა საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან სრული ჰარმონიზაცია როგორც საკანონმდებლო, ასევე, შინაგანაწესებისა და პრაქტიკის დონეზე. დღეს ჩვენ გვაქვს სამართალდამცავი სტრუქტურა, რომელიც ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი სტანდარტით. დღეს ქართული პოლიცია ქართველი ხალხის გვერდით მცველ ფარად დგას საქართველოს საფრთხეების და გამოწვევების პირისპირ. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხედავს და აფასებს ქართველი პოლიციელების მაღალ თვითშეგნებას და უდიდეს პატრიოტიზმს. მხოლოდ ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეს შეუძლია შეურაცხყოს საკუთარი ქვეყნის პოლიციელი და სცადოს მისი სახელის გატეხვა, თუმცა, აქაც ვხედავთ მიზანმიმართულ ქმედებას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მოსპობისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის მიზნით, რაც უდიდესი მონდომებითა და ჟინით ხორციელდება შიდა თუ გარე მტრების მიერ. მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს, რომ ქართულ პოლიციაზე თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმაა, ქართულ სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე თავდასხმა კი ვერ მიაღწევს შედეგს, რადგან ისინი დღეს ისე როგორც არასდროს მტკიცე და ურყევია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პოლიციელებს სიტყვით, ასევე, მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ და მათ პროფესიული დღე მიულოცა:
„მაქვს პატივი, პროფესიული დღე მივულოცო ადამიანებს, რომელთა მხრებზე დგას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა. ბედნიერებაა ემსახურო სამშობლოს, ემსახურო ღირსეულად, ემსახურო ისე, რომ საზოგადოებისთვის პოლიციელის მუნდირი იყოს დაცულობის, სიამაყისა და გმირობის სიმბოლო. პოლიციელის დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ამ წუთებშიც იცავენ წესრიგს, ებრძვიან დანაშაულს, ჩართულები არიან სამაშველო სამუშაოებში, იცავენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, ზრუნავენ საგზაო უსაფრთხოებაზე, აღასრულებენ სამართალს. პოლიციელის დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, რომელიც წარმოადგენს უწყებას. ამ დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რადგან საქართველოს პოლიცია შენი, ჩემი, ჩვენი ოჯახების სტაბილურობის გარანტია. სწორედ ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, პოლიციელის შეურაცხყოფა, მისი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, მასზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას. დღეს ჩვენი სახელმწიფო ძლიერია, ამისთვის მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, თითოეულ პოლიციელს, რომელიც სამართლიანობის უზრუნველყოფაზე და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე არის ორიენტირებული. ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილი პოლიციელების, მაშველების, მეხანძრეების, მესაზღვრეების ხსოვნის წინაშე. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ქვეყნის ღირსეული მსახურებისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთი იყოს თქვენი, თქვენი ოჯახების და სრულიად საქართველოს მფარველი“, - განაცხადა კახა კალაძემ.