შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, იმერეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული მ.ს., 1994 წელს დაბადებული ა.ბ., 2001 წელს დაბადებული პ.ი., 2000 წელს დაბადებული ჰ.ბ., 1992 წელს დაბადებული ა.ი. 1991 წელს დაბადებული ი.დ., 2000 წელს დაბადებული გ.ა. და წარსულში ნასამართლევები: 1988 წელს დაბადებული ზ.ღ., 1984 წელს დაბადებული მ.თ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე მ.ს.-ს სხეულით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 300 გრ. „ჰეროინი“ შემოჰქონდა, ხოლო, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებულების - ი.დ.-ს, ზ.ღ.-ს და მ.თ.-ს პირადი, საცხოვრებელი ბინების და ფერმის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, „ექსტაზი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეების პ.ი.-ს და ჰ.ბ-ს პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, „მარიხუანა“ და „პსილოცინი“ ამოიღეს.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ა.ბ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად, ლოკაციებზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები „კოკაინი“, „მდმა“, „მეთადონი“, „ამფეტამინი“ და „ლსდ“ ამოიღეს, ხოლო, ბრალდებული გ.ა.-ს ჩხრეკისას, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომელიც მან ინტერნეტაპლიკაციის საშუალებით შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეიძინა და სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, ა.ი.- ს დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული აღნიშნული მცენარის კულტივირებას თავის დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილ სპეციალურ სათბურში ახდენდა.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე, 265-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.