შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მომხდარ ბ.ო.-ს მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი - 1984 წელს დაბადებული ლ.ბ. ხაშურის „ახალ კლინიკაში“ დააკავეს. მის პალატასთან პოლიციის თანამშრომლები მორიგეობენ და მეთვალყურეობას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.
გამოძიების ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1980 წელს დაბადებული ნ.ა.-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მისი ყოფილი ქმრის ძმა - 1973 წელს დაბადებული ბ.ო. ორ პირთან ერთად მივიდა, რასაც სახლში მყოფ პირებსა და მისულებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. აღნიშნული ქმედება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მხარეებმა, რკინის ხელჯოხისა და ცივი იარაღის გამოყენებით, ერთმანეთს სხვადასხვა სიმძიმის მრავლობითი დაზიანება მიაყენეს. ნ.ა.-ს მეუღლის - 1984 წელს დაბადებული ლ.ბ.-ს მიერ დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბ.ო. ადგილზე გარდაიცვალა. ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ლ.ბ.-ს ძმამაც - 1982 წელს დაბადებულმა შ.ბ.-მ.
მომხდარის შემდეგ, ისრაელის მოქალაქე, ამჟამად დაკავებული ლ.ბ. ხაშურის „ახალ კლინიკაში“ გადაიყვანეს, სადაც ის მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.