შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ზ.გ., განზრახ მკვლელობის და ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 18 თებერვალს თბილისში, ლერი ლაგურაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1960 წელს დაბადებულ გ.ჩ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ზ.გ.-მ სახლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 177-ე მუხლებით.