შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 1 პირი - 1992 წელს დაბადებული დ.კ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ბრალდებულმა - დ.კ.-მ ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
5 ივლისს, ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის - 5 ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღები ჯგუფის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.