ჰააგაში, ევროპოლის შტაბ–ბინაში „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა.
მოლაპარაკებებში შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე და სხვა ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ.
2015 წლის დეკემბერში ევროპოლის ერთობლივმა სამეთვალყურეო ორგანომ მოიწონა და დაამტკიცა საქართველოს შესახებ პოზიტიური ანგარიში, რამაც მხარეებს შესაძლებლობა მისცა, დაეწყოთ მოლაპარაკებები თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ტექსტის შეჯერების მიზნით. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო ევროპოლის შტაბ–ბინაში თავის მეკავშირე ოფიცერს მიავლენს და ევროპოლთან, როგორც ოპერატიულ, ასევე არაოპერატიულ დონეზე ითანამშრომლებს. შეთანხმების დადება, ასევე, მნიშვნელოვნად გააფართოვებს საქართველოს შესაძლებლობებს საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან. აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერა მიმდინარე წელს იგეგმება.