შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აქტიურად ებრძვის ნარკოდანაშაულს და ნარკოტიკების გასაღებას. სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულის არაერთი ფაქტი გახსნეს და ნარკორეალიზატორები დააკავეს.
პოლიციამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და ქვემო ქართლში 2 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. კერძოდ: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი, „სუბოქსინი“, „პრეგაბალინი“, „ბუპრენორფინი“, ე.წ. „ექსტაზი“, „მდმა“ და სხვა. ამავე პერიოდში, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 19 პირი , აქედან - საქართველოს 14, სომხეთის 1, აზერბაიჯანის 1 და ირანის 3 მოქალაქე.
პოლიციამ ირანის 2 მოქალაქე თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავა. მათი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ექსტაზი“. გარდა ამისა, ამოღებულია, დაახლოებით, 2 000 აბი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება.
რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცველებმა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 702 მინის პატარა ფლაკონში მოთავსებული ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი სითხე და ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული - 171 ათას 250 ლარი.
მის მიერ ჩაედენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდული სამყაროს წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას განაგრძობს. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის განხილვა საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა დანაშაულად ცხადდება, ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელი კი მკაცრდება.
გაცნობებთ, რომ გუშინ სამართალდამცველებმა 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ბელარუსის რესპუბლიკის მიერ დეპორტირებული ე.წ. „კანონიერი ქურდი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ბელარუსის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩამოფრინდა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 1993 წლიდან ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. ასევე დადგინდა, რომ იგი ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში იმყოფებოდა და ე.წ. „ქურდულ გარჩევებში“ აქტიურად მონაწილეობდა. გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.
გუშინვე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, პოლიციამ თბილისში ორი პირი დააკავა. დაკავებული არიან 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი და 1980 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ცდილობდნენ. ასევე დადგინდა, რომ დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ე.წ. „კანონიერი ქურდებთან“ და მათი დავალებით მოქმედებდნენ.
გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აქტიურ მუშაობას განაგრძობს. უწყება ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს დანაშაულის თითოეულ ფაქტზე და დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, კანონის შესაბამისად, მკაცრად დაისჯება.