ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიაში ქართველი ახალგაზრდები ისწავლიან. აკადემია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ოთხწლიანი ინტენსიური საბაკალავრო პროგრამისთვის კანდიდატების შერჩევას სთავაზობს.
კურსანტის სასწავლო გადასახადს, ყოველთვიურ ფულად სარგოს, უნიფორმით უზრუნველყოფისა და კვების ხარჯებს აშშ-ის მთავრობა სრულად დაფარავს.
ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემია კანდიდატებს სწავლების 8 ძირითად მიმართულებას სთავაზობს, მათ შორის: სამოქალაქო ინჟინერია, ელექტროინჟინერია, საზღვაო არქიტექტურა და ინჟინერია, ოპერაციების კვლევა, საზღვაო და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მეცნიერებები, მართვა და ხელმძღვანელობა, სამანქანო ინჟინერია და მენეჯმენტი. დამატებითი მიმართულებების სახით კი გათვალისწინებულია: ნავიგაცია, კანონაღსრულება და საზაფხულო პროგრამა - სახომალდო პრაქტიკული და საავიაციო სწავლებები.
თითოეული კანდიდატი გაივლის, როგორც აშშ-ს მიერ განსაზღვრულ შერჩევის პროცედურას, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შერჩევისა და სამსახურში აყვანის პროცედურებს.
შერჩეული კურსანტები აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში სწავლას 2018 წლის 26 ივნისიდან დაიწყებენ.
ხელშეკრულების თანახმად, კურსდამთავრებულები, სულ მცირე, 6 წლის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში იმსახურებენ.
აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიის ოთხწლიანი ინტენსიური საბაკალავრო პროგრამის კანდიდატთა შერჩევის პირობები