შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიოლერს და დელეგაციის წევრებს ხომალდ "დიოსკურიაზე" უმასპინძლა და ნატოს ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების (OCC) პროცესში ჩართული სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფები წარუდგინა.
„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის მკაფიო სიგნალი და მხარდაჭერა საქართველოსთვის. მოხარული ვარ, რომ შევხვდი და გავიცანი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, ქალბატონი როუზ გოტემიოლერი და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ელჩები. დავათვალიერეთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვისთვის გადმოცემული „აილენდის“ კლასის ორი ხომალდი. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ნატოს საიმედო პარტნიორია. ჩვენ ჩართული ვართ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში. მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პასუხისმგებელი შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოებაზე და ეს გემები იქნება ჩართული ამ მიმართულებით, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
სტუმრებმა საქართველოს სანაპირო დაცვის "აილენდის" კლასის საპატრულო ხომალდი "ოჩამჩირეც" მოინახულეს. გემის დათვალიერების შემდეგ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტემიოლერმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
როუზ გოტემიოლერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა: "ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და საქართველოს სანაპირო დაცვის განვითარების ნახვა. მოხარული ვარ, რომ მოვინახულე თქვენი სანაპირო დაცვის გემები და შესაძლებლობა მქონდა, შევხვედროდი სანაპირო დაცვის ოფიცრებსა და სამხედრო მოსამსახურეებს.
საშუალება მქონდა გავსაუბრებოდი აბორდაჟის გუნდის წევრებს, რომლებმაც ნატოსთან ერთად გაიარეს წვრთნები. ასევე, ხაზი გავუსვით იმას, რომ საქართველოს სანაპირო დაცვა ემსახურება უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში. ძალზე მოხარული ვარ ბათუმში ყოფნით, მზიანი ამინდით, ბრიუსელში წვიმიანი ამინდის შემდეგ“.