საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
სამოქმედო გეგმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის აქტიური ჩართულობით შემუშავდა და დამტკიცდა. კერძოდ, ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საკონსულტაციო ჯგუფთან განხილულ იქნა სამოქმედო გეგმის პროექტით გათვალისწინებული მიზნები და ამოცანები, განსახორციელებელი აქტივობები და მათი შესრულების ინდიკატორები.
2022 წლის სამოქმედო გეგმა წარმოადგენს 2021 წლის სამოქმედო გეგმის გაგრძელებას, რომლის იმპლემენტაციის თვალსაზრისითაც უწყებას მნიშვნელოვანი შედეგები აქვს.
ახალი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორებიცაა:
• სამინისტროს სისტემაში შშმ პირთა უფლებების დაცვის პოლიტიკის განვითარება;
• შშმ პირთათვის სამართალწარმოებაზე მისაწვდომობის უზრუნველყოფა;
• შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის ჩამოყალიბება;
• სამინისტროს სერვისებზე შშმ პირთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
• სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საჭირო უნარების განვითარება შშმ პირებთან ურთიერთობისათვის;
• არსებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის მისაწვდომობის უზრუნველყოფა და სხვა.
სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს მხარს უჭერდა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
სამინისტრო გააგრძელებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სამინისტროს საქმიანობის სფეროში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.