შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საგურამოში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. პოლიციის თანამშრომლებისთვის შენობაში ასევე არის კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი. ახალ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახური განთავსდა: შსს-ს მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის განყოფილება და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფი.
„ახალი განყოფილება გაიხსნა, აქ განთავსებული იქნება პოლიცია, ასევე დაცვის პოლიცია იქნება განთავსებული, ეს ორი დანაყოფი. არის ახალი ინვენტარი, ახალი ტექნიკა. საგურამოსთვის რამდენად მნიშვნელოვანია, დიდი დასახლებაა საგურამოსი, ასევე მიმდებარე სოფლებში და თითქმის ორმაგდება ზაფხულში მოსახლეობით, ჩვენი მოქალაქეებით და მნიშვნელოვანი იქნება როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე ჩვენი პოლიციისთვის, უფრო გაუადვილდება მუშაობა“, - განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
აღნიშნული სამსახურები დღემდე სხვადასხვა შენობაში იყო განლაგებული. მათი ერთ შენობაში განთავსება გააუმჯობესებს და უფრო მეტად კოორდინირებულს, ოპერატიულს და ეფექტურს გახდის მათ საქმიანობას.
შს მინისტრმა პოლიციის თანამშრომლებს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.