შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა გამართა მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულთან - იოახიმ შტამპთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - ლევან იზორია, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე - ტანია ჰუტი და მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური რწმუნებულის ბიუროს უფროსი - პეტერ შმიდტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
ვახტანგ გომელაურმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ.
მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებული თანამშრომლობა გერმანულ მხარესთან რეადმისიის სფეროში.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა აგრეთვე განიხილეს საქართველოსთვის გერმანიის მიერ უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების საკითხი. მხარეთა შორის ასევე შედგა შეთანხმება, რომ ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის გაგრძელდება ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა იოახიმ შტამპს მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მიერ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
ვიზიტის ფარგლებში მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედრებს გამართავს ასევე იუსტიციის მინისტრთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან.