საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრ ვლადიმერ ვაშჩენკოს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრებმა ხელი მოაწერეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას, რომელიც ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების სფეროში ორმხრივი პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე ასევე მოეწერა ხელი „საქართველო-ბელარუსის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის“ დებულებას. სამუშაო ჯგუფის მიზანს წარმოადგენს აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის ორგანიზება და კოორდინირება.
ვიზიტის ფარგლებში, დღეს ბელარუსის რესპუბლიკის დელეგაცია საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო-მოსამზადებელ ცენტრს ეწვევა და სამთო-სამაშველო კურსის გახსნას დაესწრება. დელეგაცია 12 მარტს სსიპ მომსახურების სააგენტოს და სსიპ 112-ს ეწვევა. ბელარუსის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი 13 მარტს დასრულდება.