საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე ფაქტს ეხმაურება:
გვსურს, გამოვეხმაუროთ ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს ჩვენი თანამშრომლის დაჭრის ფაქტს. კერძოდ, ბრალდებულმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს მიმდინარე წლის 13 იანვარს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. ამავე ინციდენტის დროს, ბრალდებულმა, ასევე, დაზიანებები მიაყენა კლუბი „ბასიანის“ დაცვის ორ თანამშრომელს. საგულისხმოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაიჭრა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, მაშინ, როდესაც თავდასხმის დროს კლუბის ორ თანამშრომელს იცავდა.
ჩვენ შესაბამის რეაგირებას ვახდენთ ძალადობის ყველა ფაქტზე. შესაბამისად, კანონით ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ დაზარალებულების, მათ შორის, იმ ადამიანების დასაცავად, ვინც უშუალოდ ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე. ბრალდებულის დაკავება მოხდა დანაშაულის ადგილზე. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოს გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება.
რაც მთავარია, ინციდენტის დროს დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს, პოლიციელ თამაზ საველიევს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა იქ მყოფი ადამიანები და დღეს მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოჩენილი სიმამაცისთვის მედალს გადასცემს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ძალადობის ყველა ფაქტზე მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, განურჩევლად იმისა, ვინ არის ბრალდებული პირი. კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, არ დაუშვებს პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას. პოლიციელის ღირსება და მუნდირი უკომპრომისოდ იქნება დაცული.
გარდა ამისა, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ხაშურში მომხდარ არასრულწლოვნების დაჭრის ფაქტზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე გახსნა.
კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ც., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხაშურში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი ქმედება 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს ქალაქ ხაშურში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა 2 არასრულწლოვანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთ-ერთი დაშავებული არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მეორე არასრულწლოვანს ჩაუტარდა ოპერაცია, იგი გადაყვანილია პალატაში და ამჟამად იმყოფება ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ხაშურში დააკავეს.
გ.ც. აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით.