შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანიის ფარგლებში, შვედეთისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მხარდაჭერით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებთან დაკავშირებით, მოსამართლეებთან და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენელმა საქართველოში - კაორი იშიკავამ შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
სამუშაო შეხვედრას სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მოსამართლეები, პროკურორები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, იურიდიული დახმარების სამსახურის და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლის მნიშვნელობასა და იმ მიდგომებზე, რასაც უწყება აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებთან ბრძოლის კუთხით და მსხვერპლთა დაცვის მიზნით ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ, ასევე ისაუბრა ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი რეაგირებისთვის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, შემაკავებელი ორდერის, რისკის შეფასების ინსტრუმენტის, მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების როლსა და მნიშვნელობაზე, მათი ეფექტიანი გამოყენების რელევანტურ საკითხებზე იმსჯელეს.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) მრავალი წელია თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროექტებს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა, სექსუალური შევიწროება და სხვ.