საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისრაელის პარლამენტის სპიკერი - ამირ ოჰანა, დელეგაციასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზას ეწვია.
სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - იოსებ ჭელიძემ და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ. სტუმრებმა დაათვალიერეს შესაბამისი აღჭურვილობა და დაესწრნენ საჩვენებელ სწავლებას.
დელეგაციის ხელმძღვანელმა იოსებ ჭელიძეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას.