შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკში გაეროს ეგიდით გამართულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ (CRPD) ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 (COSP17) სესიაში.
ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ორმხრივ შეხვედრებში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარესთან - გერტრუდ ოფორივა ფეფოამესთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ დანიშნულ სპეციალურ მრჩეველთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებში - სარა მინკარასთან.
ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ალექსანდრე დარახველიძე, ასევე, დაესწრო შეხვედრას მრგვალი მაგიდის ფორმატში თემაზე - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რისკის შემცველ და საგანგებო სიტუაციებში“. შეხვედრის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა მონაწილეებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ სფეროში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ასევე გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებში მხარეებმა არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების გადაჭრის შესაძლო გზებზე ისაუბრეს.