შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის წარმატებული პარტნიორობის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
სიტყვით გამოსვლისას, იოსებ ჭელიძემ ამერიკელ პარტნიორებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გაწეული მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისათვის, რაც მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიანი, მყისიერი რეაგირებისა და უსაფრთხო საზოგადოების ფორმირებისთვის.
"ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამერიკის მთავრობის მხარდაჭერას, როგორც მატერიალურ-ტექნიკური დახმარების, ასევე, შესაძლებლობებისა და განვითარების მიმართულებით. პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე ნაყოფიერი, შედეგიანი და საინტერესო იქნება", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ.
ღონისძიებას სპეციალურად აღნიშნულ იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, აშშ-ის ევროპული სარდლობის, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.