საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი, მოლდოვის ეროვნული პოლიციის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მოლდოვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ გამეზარდაშვილი მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ოლეგ ბალანს შეხვდა და ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის მილოცვა გადასცა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციისკენ ორი ქვეყნის საერთო მისწრაფებას და განიხილეს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოსა და მოლდოვის მიღწევები.
მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგებს ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები გააცნო და გამოცდილება გაუზიარა. მხარეებმა ასევე განიხილეს მიგრაციისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის საკითხები და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთო ინტერესთა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა, საქართველოს შს მინისტრის სახელით, მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრი ოლეგ ბალანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.