შსს-ს ძიუდოს ევროპის ჩემპიონმა სპორტულმა კლუბმა ვენაში ევროპის საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ტურნირი - „ოქროს ლიგა“ მოიგო და სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდა. შსს-ს ძიუდოისტებმა ქართული ძიუდოს ისტორიაში, საკლუბო დონეზე, პირველებმა შეძლეს ამ რანგის ტურნირის თასის მოპოვება.
სამშობლოში დაბრუნებულ გამარჯვებულ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შს სამინისტროს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და მასმედიის წარმომადგენლები დახვდნენ.
შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბი „მებრძოლი“ ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გამართული ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში გერმანულ „აბენსბერგს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დაამარცხა (3:2). გადამწყვეტ დაპირისპირებაში, მძიმე წონით კატეგორიაში ადამ ოქრუაშვილმა გაიმარჯვა. ფინალამდე შსს-ს კლუბმა ტურნირზე ჯერ ფრანგული გუნდი „სენ ჟენევიევი“ (3:2), შემდეგ კი ნახევარფინალში - პორტუგალიური „სპორტინგი“ დაამარცხა (3:2).
ევროპულ სარბიელზე შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის ეს მეორე გამოსვლა იყო. შარშან „მებრძოლი“ ევროპის ჩემპიონატის ქვედა ლიგის გამარჯვებული გახდა. მომავალ წელს კი კონტინენტის უძლიერეს გუნდურ ჩემპიონატში მოსინჯავს ძალებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი“, შს მინისტრის ინიციატივითა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით, 2014 წლის მაისში დაარსდა. კლუბის წევრთა უმრავლესობა საქართველოს ნაკრების ძიუდოისტია და მსოფლიო ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორები არიან.