შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან - მარიამ ბანძელაძესთან. ალექსანდრე დარახველიძემ მარიამ ბანძელაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხი განიხილეს.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-სა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე, მათ შორის 112-ის განახლებულ აპლიკაციაზე და ნაადრევი ქორწინების შესახებ სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე.
შეხვედრის დასასრულს ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს მოსახლეობის ფონდს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მრავალი წელია თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდთან ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა; ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვ.