შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს ბაზაზე დეპარტამენტის ორასორმოცი წვევამდელის ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა. წვევამდელთა ფიცის მიღებას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დაესწრო. ახალწვეულებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და სამხედრო მარშით ჩაიარეს. ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, წვევამდელთა ოჯახის წევრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ თუ რა პირობებში იმსახურებენ მათი შვილები. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს ბაზა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დაათვალიერა.
წვევამდელები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტში გაივლიან. ისინი შეისწავლიან სამხედრო საქმეს, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით, უფასო კვებით, ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდი გულისხმობს ყაზარმულ მდგომარეობაში სამსახურს, საზოგადოების წესრიგის დაცვას, კონფლიქტურ ზონებში პატრულირებას. სამხედროები ასევე ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ კი წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.