შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო დონაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ კვირეულს შეუერთდა. სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა და სამსახურის სხვა თანამშრომლებმა საქართველოს ცენტრალურ სისხლის ბანკს ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. ყოველდღიურად საქართველოში რამდენიმე ასეულ ადამიანს ესაჭიროება სისხლის გადასხმა.
აქციის ფარგლებში, მომსახურების სააგენტოს თანამშრომელ ქალბატონებს მამოლოგმა გიორგი ძაგნიძემ მკერდის კიბოს შესახებ უფასო კონსულტაცია გაუწია.
14 ივნისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე, რომლის მიზანია უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, მადლიერების გამოხატვა ყველა იმ უანგარო დონორის მიმართ, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობითა და უანგაროდ გასცემენ სისხლს.