საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარია თეოდორუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საბერძნეთის რესპუბლიკის პოლიციის მეკავშირე ოფიცერი, პანაგიოტის სიმეონიდისი და თავდაცვის ატაშე, ვასილეიოს ლაგოგიანისი.
მხარეებმა საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის როლს. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ბერძნული მხარის მნიშვნელოვანი როლი საქართველოს სანაპირო დაცვის განვითარებასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებაში.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ელჩსა და ატაშეებს საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერძნულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.