შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში - ბეტინა კადენბახს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
შს მინისტრმა ხაზი გაუსვა სამინისტროს მიერ წარმატებით განხორციელებული ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ასპექტებს, რაც ევროკომისიის ანგარიშში პოზიტიურად აისახა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, შს სამინისტროს მიზანია სამართალდამცავი უწყების ევროპული სტანდარტების შესაბამისად რეფორმირება.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა გერმანიის ფედერალური სამართალდამცავი ორგანოებისა და საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მჭიდრო თანამშრომლობა, რამაც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა.
შეხვედრის დასასრულს გიორგი მღებრიშვილმა ბეტინა კადენბახს შს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სამართალდაცვით სფეროში კიდევ უფრო გაღრმავდება.