საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაიწყო. სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი.
ვახტანგ გომელაური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს გერმანელ კოლეგასთან - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მეზიერთან და ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტ ჰოლგერ მიუნხთან. შეხვედრა ეთმობა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს, საპოლიციო სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და გერმანიის შს სამინისტროებს შორის თანამშრომლობა ბოლო წლების განმავლობაში აქტიურ ფაზაში შევიდა. 2014 წლის 8-10 ივლისს განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“.
პროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საწვრთნელი ბაზის მონახულება, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ბერლინის პოლიციის საქმიანობას გაეცნობა და სადემონსტრაციო წვრთნებს დაესწრება. შეხვედრას ბერლინის პოლიციის ვიცე-პრეზიდენტი რალფ კრიუგერი უმასპინძლებს.