შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, თბილისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 19 სხვადასხვა ვებ-გვერდზე პორნოგრაფიული ნაწარმოების და გამოსახულების უკანონოდ გავრცელებისა და რეკლამირების ფაქტზე გამოავლინეს და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს 40 პირი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროსა და ვითარებაში, შემოსავლის მიღებისა და ვებ-საიტების პოპულარიზაციის მიზნით, მოიპოვეს პორნოგრაფიული, მათ შორის, არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი ვიდეოფაილები, რომლებიც ვებ-საიტებზე ატვირთეს, რითიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადეს ინტერნეტ მომხმარებლებისათვის. მათ მიერ ინტერნეტში ატვირთული პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეოფაილები შეუზღუდავად ვრცელდებოდა ბოლო პერიოდამდე. ამჟამად აღნიშნული საიტების ჰოსტინგები გათიშულია, ხოლო მომხმარებლები – დაბლოკილი. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება პორნოგრაფიული ნაწარმოების, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ გავრცელების ან რეკლამირების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით). გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო აწარმოებს.