შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საზღვრის მართვის საკითხებთან დაკავშირებით დონორთა კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შსს-ს ხელმძღვანელი პირები, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა სხვა პარტნიორი სახელმწიფოების ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სიტყვით გახსნა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებზე, ქვეყნის მიერ სახელმწიფო საზღვრის დაცვის მნიშვნელობასა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციაზე. ასევე აღინიშნა რეფორმების პროცესში პარტნიორი სახელმწიფოების ტექნიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობა.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ზურაბ გამეზარდაშვილმა 2014 წლის განმავლობაში სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამა. კონფერენციაზე წარდგენილი იყო სასაზღვრო პოლიციის სტანდარტიზაციის, მოდერნიზაციისა და უნიფიკაციის 5 წლიანი პროგრამა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდაუწყებრივი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე რეფორმების შემდგომ ინსტიტუციონალიზებას, მართვის, დაგეგმვისა და ბიუჯეტირების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას. კონფერენციის ბოლოს სამინისტროს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, საზღვრის მართვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებთან ერთად, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.