შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდს მასპინძლობს. გაერთიანებული სამეფოს დელეგაციას ხომალდის მეთაური, ჯაილს პალინი ხელმძღვანელობს. ბათუმის პორტში სტუმრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი - რამაზ პაპიძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი - არჩილ ჩიქოვანი და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი - ენტონი ბრამველი დახვდნენ.
ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას და გაღრმავებას.
ვიზიტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდზე დაგეგმილია საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფების ნატოს სერტიფიცირების პროგრამის მე-2 დონის (SEL-2) შეფასება.
ხომალდი "HMS DRAGON" საჰაერო თავდაცვის თანამედროვე ტიპის გამანადგურებელია. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ეს გემის პირველი ვიზიტია.
გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 18 ოქტომბერს დატოვებს.