შსს-ს აკადემიაში, ევროპის პოლიციის კოლეჯების ასოციაციის (AEPC) ყოველწლიური კონფერენციის - "მიგრაციის მომავალი - მასთან დაკავშირებული გამოწვევები და რეაგირების გზები" ფარგლებში, ასოციაციის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე მმართველი საბჭოს წევრებმა, კენჭისყრის შედეგად, სამი კანდიდატი ქვეყნიდან - ჩეხეთი, უნგრეთი და საქართველო, აღმასრულებელი კომიტეტის მუდმივმოქმედ წევრად, ხმათა უმრავლესობით, საქართველოს შსს-ს აკადემია აირჩიეს. ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის (AEPC) ვიცე-პრეზიდენტი კი უნგრეთის საჯარო სამსახურის ეროვნული უნივერსიტეტის პრორექტორი, გაბორ კოვაჩი გახდა.
სხდომაზე, საქართველოს შსს-ს აკადემიის რეკომენდაციით, ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ახალ წევრებად მიიღეს: სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის საგანმანათლებლო კომპლექსი, ლვოვის შინაგან საქმეთა სახელმწიფო უნივერსიტეტი და ხარკოვის შინაგან საქმეთა ეროვნული უნივერსიტეტი.
ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის (AEPC) მმართველი საბჭოს სხდომას 19 ქვეყნის, მათ შორის, ევროკავშირის 12 წევრი ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების სასწავლო ცენტრების და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის 50-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
კონფერენციის ფარგლებში, შსს-ს აკადემიამ ლვოვის შს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს შსს-ს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ და ლვოვის შს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, რომან ბლაჰუტამ.
მემორანდუმი მოიცავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარებას, რესურსების, მათ შორის, ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსის გაზიარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობას.