საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკაში, ანკარასა და სტამბოლში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდალს, კონტრადმირალ აჰმეთ ქენდირს. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდალმა აღნიშნა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისთვის სასწავლო და ტექნიკურ სფეროში დახმარება მომავალშიც გაგრძელდება. თურქულმა მხარემ ქართველი კოლეგებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვა. მისი თქმით, გასული წლების მსგავსად, თურქეთის სანაპირო დაცვის სასწავლებელში ქართველი მოსამსახურეების გადამზადების პროცესიც გაგრძელდება.
სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ შარაძე ქალაქ სტამბოლში განლაგებულ თურქეთის სანაპირო დაცვის მარმარილოს ზღვისა და სრუტეების რეგიონულ სარდალს, კონტრადმირალ თაიფუნ ფაშაოღლუს შეხვდა, სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები დაათვალიერა და მათ შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო.
ნიკოლოზ შარაძემ ანითქაბირის მავზოლეუმში პატივი მიაგო თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლისა და ლიდერის - მუსტაფა ქემალ ათათურქის ხსოვნას და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო.