საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს და ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში - "სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლებრივი ჩარჩო, მიმდინარე რეფორმა და საკითხები შემდგომი გაუმჯობესებისთვის" - მონაწილეობა მიიღო.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა - ნატალია ვუტოვამ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში - პაველ ჰერჩინსკიმ, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა, მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის სტანდარტების დანერგვის დეპარტამენტის უფროსმა - ფრედერიკ დოლტმა, საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელმა პირებმა.
ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა გასულ წლებში საქართველოში სისხლის სამართლის რეფორმის დახვეწისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს. მან ასევე აღნიშნა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიმიჯნება საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციები, რაც გამომძიებლებს მეტ ავტონომიურობას მისცემს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისას.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს მადლობა გადაუხადა ადამიანის უფლებათა დაცვის განვითარებისა და მართლმსაჯულების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის.
აღნიშნული კონფერენცია ევროპის საბჭოს (CoE) და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ - ფარგლებში გაიმართა.