საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან - გიორგი ბუთხუზთან და უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისრის - იაკოვ შაბთაის მოწვევით, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - თეიმურაზ კუპატაძე და ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები: ნიკოლოზ სამარღანიშვილი და ირაკლი დონდოლაძე.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისართან - იაკოვ შაბთაისთან და ისრაელის სამართალდამცავი ორგანოების სხვა ხელმძღვანელ პირებთან.
ისრაელის პოლიციის მუშაობის სპეციფიკის გაცნობის მიზნით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თელ-ავივის პოლიციის, ისრაელის ეროვნული კონტრტერორისტული დანაყოფის (YAMAM), იდენტიფიკაციისა და ექსპერტიზის დანაყოფის, იერუსალიმის ძველი ქალაქის კონტროლის და მართვის ცენტრის, საზღვაო პოლიციის, ასევე, სასაზღვრო პოლიციის სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელ პირებთან.
ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მხარეები განიხილავენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის ეროვნულ პოლიციას შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხს.