შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიცირებით მომზადებული, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე წარადგინა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანია დაარეგულიროს მოპედების რეგისტრაციასთან და მათი მართვის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მოპედი არ წარმოადგენს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას და იგი გათანაბრებულია კიდულძრავიან ველოსიპედთან. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მოპედი ექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების განმარტებაში და მასზე გავრცელდება იგივე რეგულაციები, რაც დადგენილია სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
შესაბამისად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ახალი - სატრანსპორტო საშუალებათა "AM" (მოპედი) და "A2" (საშუალო სიმძლავრის მოტოციკლი) კატეგორია/ქვეკატეგორია.
ცვლილებებით სავალდებულო ხდება მოპედის სათანადო წესით რეგისტრაცია. ასევე, მისი მართვისთვის საჭირო გახდება „AM“ კატეგორიის მართვის მოწმობის აღება, რომელიც გაიცემა 16 წლის ასაკიდან, მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარების გზით. ასევე, მოპედის მართვის უფლება ექნება ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს.
გარდა ამისა, ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი გახდება ორეტაპიანი. პირველი ეტაპი, დღეს მოქმედი რეგულაციების მსგავსად, დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში (ქალაქში), წინასწარ შერჩეულ მარშრუტებზე.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი და 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირებისთვის.
ამასთან, ცვლილებებით გათვალისწინებულ სიახლეს წარმოადგენს მომსახურების სააგენტოს დისტანციური სერვისების დანერგვა და მოპედების რეგისტრაციისას, დათვალიერების პროცედურის ინსპექტირების ცენტრების მეშვეობით განხორციელდება.
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება გამოწვეულია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების აღსრულებით. კერძოდ, ქვეყნის ვალდებულებას წარმოადგენს „მართვის მოწმობების თაობაზე“ 2006 წლის 20 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/126/EC დირექტივის საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაცია.