საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში სამი პირი: 1983 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე გიორგი ც, 1983 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ნაირა ა. და 1987 წელს დაბადებული, უზბეკეთის მოქალაქე ფერუზა კ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ც-ს თავის მფლობელობაში არსებული, "ფორდ-ტრანზიტი"-ს მარკის მიკროავტობუსის სახურავში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სამალავი, რომლის საშუალებითაც საზღვარზე მოქალაქეების უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. სამართალდამცველებმა მიკროავტობუსის დათვალიერებისას აღმოჩინეს ფარული სამალავი, მასში დამალული ნაირა ა. და ფერუზა კ, რომლებიც ფარულად, უკანონოდ ცდილობდნენ თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლას.
გამოძიება გიორგი ც-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პრიმა მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), ხოლო ნაირა ა-ს და ფერუზა კ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით).