შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე ტოფაკ ო. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით, ხოლო ასევე თურქეთის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ქენან დ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ნეიტრალურ ზონაში, თურქეთის მოქალაქე ტოფაკ ო-ს კუთვნილი ავტომანქანა „ფორდის“ დათვალიერებისას შენიშნეს, რომ ავტომანქანის სალონში ჩალაგებულ ტანსაცმელს შორის მგზავრი იყო დამალული. სამართალდამცველებმა მძღოლიც და მისი მგზავრიც შეაჩერეს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების ჩატარების შედეგად დააკავეს.
გამოძიება ტოფაკ ო-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 19-344-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო მისი მგზავრის მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).