დღეს დილით, ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ბაზალეთის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბანკის ყაჩაღობა აღკვეთეს.
შენიღბულმა პირმა, რომელიც შეიარაღებული იყო პისტოლეტით, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლებს მოსთხოვა გაეღოთ ბანკის ფილიალის კარი. ფილიალში მყოფმა თანამშრომლებმა მას კარი არ გაუღეს, რასაც თავდასხმა და გასროლა მოჰყვა.
აღნიშნულზე სწრაფი რეაგირება მოახდინეს შსს საპატრულო პოლიციის 209-ე, 210-ე და 213-ე ეკიპაჟებმა. თავმდამსხმელმა ადგილზე მისულ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც დევნის ოპერაცია და ორმხრივი სროლა მოჰყვა. გეგეშიძის ბაღის მიმართულებით გაქცეული პირი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ჩანთა, ნიღაბი და სხვა ნივთმტკიცებები.
საქმეს იძიებს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილება. გამოძიება სსკ-ს 179-ე, 236-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დგინდება დაკავებული პირის შესაძლო კავშირი ბოლო პერიოდში ბანკებში მომხდარი ყაჩაღობის სხვა ფაქტებთან.
მსურს ჩემი და მთელი სამინისტროს სახელით განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საპატრულო პოლიციის ოფიცრებს: ათეულის მეთაურს ავთანდილ ებანოიძეს, პატრულ-ინსპექტორებს: დავით ჭანტურიას, თემურ ასანიძეს, კობა ჭულუხაძეს, გიორგი კოპალიანს და ბექა ბურდულს, რომელთაც მაღალი პროფესიონალიზმი და თავდადება გამოიჩინეს და სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. ისინი ნამდვილი გმირები არიან!