გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა: „არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო დღევანდელ ფაქტს, რომელიც ვაკეში მოხდა. თავდამსხმელმა, ბანკის დაყაჩაღების დროს, ცეცხლი გაუხსნა პოლიციის თანამშრომლებს. ჩვენმა თანამშრომლებმა, თავისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, დამნაშავე დააკავეს. არ შემიძლია, სახელობითი მადლობა არ ვუთხრა ჩემს თანამშრომლებს - ავთანდილ ებანოიძეს, დავით ჭანტურიას, თემურ ასანიძეს, კობა ჭულუხაძეს, გიორგი კოპალიანს და ბექა ბურდულს. ესენი არიან ნამდვილი გმირები, რომლებმაც შუაგულ ვაკეში, უვნებლად, ისე, რომ არავინ დაზიანებულა, დააკავეს დამნაშავე. მადლობა მათ,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.